თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (ხანდაზმულად) ითვლება – ეს ძალიან კარგად იცის „ფინანსურმა ბიურომ“ „ბანკმა“ ან მისმა მსგავსმა კომპანიებმა, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. ისინი უგზავნიან მსესხებელს სხვადასხვა შინაარსის წერილებს, ახორციელებენ ზარებს მათი ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და ემუქრებიან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებით, სასამართლოთი, არბიტრაჟით, სააღსრულებო ბიუროთი, ქონების აუქციონზე რეალიზაციით, უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღებით, ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღებით, დამატებით გაკისრებენ სასამართლო, საარბიტრაჟო და სააღსრულებო ხარჯების გადახდას, თქვენი მონაცემების შეყვანით მოვალეთა რეესტრში, თავდები პირის მიმართაც არ ერიდენბიან მუქარას, და ა.შ.
ხანდაზმული ვალის სასამართლო ან საარბიტრაჟო გზით ამოღება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია ამ გზას უკვე მიმართავდა და კერძო შპს-ს არ გადააბარებდა. ეს არის უიმედო ვალები, რომელზეც ბანკმა ხელი სწორედ იმის გამო ჩაიქნია, რომ მისი ამოღების აღარავითარი სამართლებრივი და რეალური რესურსი არ გააჩნდა. ამის გამო, ასეთი უიმედო ვალების გაცოცხლებას კერძო კომპანიამ სწორედ ასეთი წერილებითა და მეთოდებით ცდილობს.
რას ნიშნავს გაცოცხლება?
საკმარისია, თქვერნ ათი წლის ვადაგასულ სესხზე კომპანიას ხელი მოუწეროს აღიარების ფურცელზე, რომ ვალი გაცოცხლებულია და ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დენა ხელახლა დაიწყება. ამის შემდეგ ნამდვილად შეუძლია, მიმართონ საარბიტრაჟო ან სასამართლო ორგანოებს.
სწორედ ამის გამოა, რომ „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაითანხმონ უიმედო მოვალეები ხელი მოაწერონ აღიარების ფურცელს. ამისთვის მზად არიან, შეაწუხონ თქვენი მშობლები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები და თქვენს რეპუტაციაზე ზემოქმედებით დაგითანხმონ თუნდაც ვალის გადახდის დიდ ვადაზე გადანაწილებაზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გზით რაც ავტომატურად ვალისგაცოცხლებასა და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.
როდის წარმოქმნება ხანდაზმულობა
სესხის ხანდაზმულობა ვალდებულების შეუსრულებლობის წარმოქმნის დღიდან ითვლება. ანუ მაგალითად კლიენტს სესხი დასაბრუნებელი აქვს 2019 წლის 31 დეკემბერს, მაგრამ მან იგი ვერ დააბრუნა. ამ შემთხვევაში,ამ შემთხვევაში, როცა დადგა გადახდის ვადა და არ გადაიხადა მოვალემ, მაშინ იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. კანონის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მაშინ, როცა კრედიტორმა შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში 31 დეკემბერი რომ დადგა და ბანკმა არ მიიღო გაცემული კრედიტის თანხა, წარმოეშვა ვალის გადახდის მოთხოვნა. ბანკს შეუძლია, მომდევნო დღესვე, პირობითად, პირველ იანვარს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. მაგრამ, თუ ის ამ ნაბიჯს 3 წლის განმავლობაში არ დგამს, ხანდაზმულობის ვადა გასულად ჩაითვლება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას გააჩნდა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 3 წლის განმავლობაში.
განგიმარტავთ, რომ სესხების ამომღებ კომპანიას სრული უფლება აქვს, წავიდეს სასამართლოში, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მისთვის ფუჭი გარჯაა, თუ მსესხებელმა იცის, რომ სასამართლო პროცესზე აუცილებლად უნდა წარმოთქვას ერთი ფრაზა – „ჩემი სესხი ხანდაზმულია“.